„ქართული ალმანახის“ პირველი ნომრის წარდგინება 
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში

2 დეკემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა "ქართული ალმანახის" პირველი ნომრის პრეზენტაცია. ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტი, მიხეილ ახალაძის ფონდი "მამაშვილობა", თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ  ქართული საზოგადოებრიობის თვალსაჩინო წარმომადგენლები, მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, ოფიციალური პირები. 

საღამო მიჰყავდათ მსახიობებს: მაკა შალიკაშვილსა და ვახტანგ ახალაძეს.

საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: უნივერსიტეტის რექტორი და “ქართული ალმანახის“ მთავარი რედაქტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, თბილისის საკრებულოს წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ქალბატონი რიმა ბერაძე, სარედაქციო კოლეგიის წევრი პოეტი ემზარ კვიტაიშვილი. 

ალმანახის მხატვრულ და სოციალურ-კულტურულ ღირებულებასა და მასში გამოქვეყნებული ტექსტების ავკარგიანობაზე ისაუბრეს  ცნობილმა ლიტერატურისმცოდნემ და კრიტიკოსმა მარინა ტურავამ, ლინგვისტმა ინგა ღუტიძემ.

თბილისის ქალთა გუნდმა ლოტბარ ომარ ბურდულის ხელძღვანელობით წარმოადგინა საგუნდო სიმღერის პრემიერა – „გთხოვ, გამაღვიძო“. მუსიკის ავტორი გახლავთ ცნობილი კომპოზიტორი რუსუდან ხორავა, ხოლო ტექსტი ეკუთვნის მამა ადამ ახალაძეს.  

საღამოზე ჟღერდა ულამაზესი მუსიკა პიანისტ ნანა ავალიშვილის,  საქართველოს სახალხო არტისტების თემურ წიკლაურისა და ელდარ გეწაძის, თამარ მაისურაძისა (ფორტეპიანო) და ქეთევან არსენიშვილის (ვიოლინო) დუეტის, ახალგაზრდა მომღერლების ლიზი ჩიჩუასა და ელენე ლეკვეიშვილის (პედაგოგი თამრიკო ჭოხონელიძე) შესრულებით.  

მსახიობებმა ვახტანგ ახალაძემ და მაკა შალიკაშვილმა წაიკითხეს „ქართული ალმანახის“ პირველი ნომერში გამოქვეყნებული ტექსტები: მანანა ჩიტიშვილის, თამაზ ჭილაძის, ემზარ კვიტაიშვილის ლექსები, ფრაგმენტები მამა ადამის მოთხრობებიდან.

slogani lurjze gold