სიმღერის პრემიერა

2 დეკემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ „ქართული ალმანახის“ პრეზენტაციაზე პირველად შესრულდა ცნობილი კომპოზიტორის რუსუდან ხორავას ახალი საგუნდო ნაწარმოები. ნაწარმოებს საფუძვლად დაედო მამა ადამ ახალაძის ლექსი „გთხოვ, გამაღვიძო“ (ციკლიდან „გასულ საუკუნეში დაწერილი ლექსები“).

საგუნდო სიმღერა შეასრულა თბილისის ქალთა გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ახალგაზრდა ლოტბარი ბატონი ომარ ბურდული. 

ქალბატონმა რუსუდან ხორავამ, რომელსაც საქართველოს მუსიკალური საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც საგუნდო ხელოვნების დარგში მოღვაწე ყველაზე ნაყოფიერ და უაღრესად ნიჭიერ კომპოზიტორს, დიდი მადლობა გადაუხადა ქალთა გუნდსა და მის ლოტბარს ამ წარმატებული თანამშრომლობისათვის. მან ასევე გამოთქვა მამა ადამის შემოქმედებასთან მომავალი შეხვედრების იმედიც. 

თავის მხრივ მამა ადამმა დიდი სიხარული გამოხატა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გამო, დალოცა და წარმატებები უსურვა კომპოზიტორსა და ვოკალისტებს.

გთავაზობთ ამ სიმღერის ტექსტს:

გთხოვ, გამაღვიძო...

გთხოვ, გამაღვიძო... ჩემს ჩუმ სიზმარში
მე ვერ მოვისმენ ძმების გალობას,
დაირეკება ბინდში ცის ზარი
და დაიწყება ლოცვით ცისკარი.

ო, გამაღვიძე! თვალდახუჭული
განა ვიხილავ დღის დაბადებას.
უჩემოდ გაშლის ყვავილს სუმბული,
გარეკავს მეხრე ხარებს “ურმულით...”

გთხოვ, გამაღვიძო!
მძინარს ნუ მომკლავ!
მე ვერ ვისწავლე ჯერ ძილში ლოცვა.
დამაიმედე, – მოვინანიებ,

სიკვდილი მხოლოდ მას შემდეგ მოვა.

slogani lurjze gold