მეექვსე საერთაშორისო  ბიოეთიკური სიმპოზიუმი თბილისში

3 მაისს, დილის 11 საათზე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა მეექვსე თბილისური ბიოეთიკური სიმპოზიუმი თემაზე  „დედობა: სოციალური, ეთიკური, სამედიცინო, ბიოლოგიური, სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტები“.  

სიმპოზიუმის ინიციატორები არიან საქართველოს საპატრიარქო და კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაცია ამიერკავკასიაში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მონაწილეობით.  

ამ სამეცნიერო ფორუმში წლების მანძილზე მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები, ექსპერტები, ფილოსოფოსები, ღვთისმეტყველები, სამართალმცოდნეები საქართველოდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ამჯერად, ღონისძიებაში ქართველ ექსპერტებთან  ერთად სამეცნიერო დისკუსიაში  იტალიელი და უკრაინელი მეცნიერები, ექსპერტები, ფილოსოფოსები, ღვთისმეტყველები, სამართალმცოდნეები მონაწილეობდნენ. 

სიმპოზიუმი გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ. 

„ჩვენ დავუბრუნდით დედობის ფენომენის ტრანსდისციპლინური გააზრების მნიშვნელობაზე მეცნიერულ მსჯელობას და ამავდროულად იმ რეკომენდაციების შემუშავების პრობლემას, რომელთა გათვალისწინებით როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო, რელიგიურმა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეიძლება შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება იმ სულიერ-ზნეობრივი პრობლემების გადაწყვეტისადმი, რომლებიც დაკავშირებულია დედობის ფენომენთან,“ – განაცხადა მამა ადამმა.  

სამეცნიერო ფორუმს მიესალმა აგრეთვე ამიერკავკასიაში კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მამა გაბრიელ ბრაგანტინი და პაპ იოანე-პავლე მეორის ცოლქმრობისა და ოჯახის ინსტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი, მონსენიორი ლივიო მელინა.  

სიმპოზიუმის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო მეცნიერთა,  ფილოსოფოსთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროების, ასევე სხვადასხვა კონფესიის ეკლესიების  წარმომადგენელთა მოსაზრებანი დედობის, როგორც ტრანსდისციპლინური ფენომენის ბიოლოგიური, გენეტიკური, სოციალური, კულტურული და სხვა სახის გამოვლინებათა თაობაზე. ამ გამოვლინებებს მიეკუთვნება: ბიოლოგიური და არაბიოლოგიური, სოციალური და რელიგიური, ტრადიციული და არატრადიციული დედობა. სიმპოზიუმის მონაწილეებმა თავიანთ მოხსენებებში ყურადღება მიაპყრეს უმნიშვნელოვანეს პრობლემებს: ძუძუთი კვება, შვილად აყვანა, დედინაცვლობა, ნათლიობა და სულიერი დედობა, აბორტი, პრენატალური დიაგნოსტიკა, რეპროდუქციული ტექნოლოგიები, სუროგაცია, დედის როლი ოჯახში, საზოგადოებაში, ისტორიაში და მისი ასახვა კულტურასა და ხელოვნებაში, მოხუცებული მშობლების მოვლა, დედაშვილობის ფსიქოლოგია  და ა. შ.

სიმპოზიუმის პროგრამა: 

1.არქიმანდრიტი ადამ ახალაძე. დედობა ტრანსდისციპლინური ცნებაა.

2.მონსენიორი ლივიო მელინა. ადამიანის შვილოსნობა – თეოლოგიური რეფლექსია.

3.ანასტასია ზაქარიაძე. დედობის ანთროპოლოგიურ-პერსონალისტური ჭრილი.

4.მამუკა გელაშვილი. დედაშვილური ურთიერთობანი: არაცნობიერი ფორმები და კულტურული გამოვლინებანი.  

5.ნუგზარ ბარდაველიძე. დედა და დედობა ქართულ ფოლკლორში.

სიმპოზიუმის პირველი დღე  სამეცნიერო დისკუსიით დასრულდა. 

slogani lurjze gold