დღეს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის
საპატიო დოქტორის 
ბატონ სიმონ ზაზაძის ხსოვნის დღეა

ერთი წლის წინ, დღევანდელ დღეს გარდაიცვალა ერთ–ერთი ყველაზე უფრო ცნობილ და დიდ  ქართველთაგანი ბატონი სიმონ ზაზაძე.

მაშინ ამ ცნობამ ელვის სისწრაფით შემოიარა მსოფლიო, მრავალი ქვეყანა, მთელი კონტინენტი.

ამ ცნობამ დაამწუხრა და ჩააფიქრა მრავალი ადამიანი – საქართველოში მცხოვრები, თურქეთელი და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში მცხოვრებნი ქართველნიც.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 5 ოქტომბერს ჟენევის ერთ-ერთ კლინიკაში შეწყდა თურქეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი მეცენატის, საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენის, საქართველოს საპატიო მოქალაქის, ZAZA-HOLDING-ის მფლობელის, 1962-1982 წლებში ჟურნალ "ბედი ქართლისას" დამფინანსებლის, სტამბოლის ქართველთა სავანის კომანდატორის, საქართველოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორისა და ამავე უნივერსიტეტის მეგობართა და მხარდამჭერთა საზოგადოების პალატის ოქროს წევრის, დიდი ოჯახის მამის, პაპისა და არაჩვეულებრივად კეთილი ადამიანის – სიმონ პავლეს ძე ზაზაძის სიცოცხლე.

მე და ჩემი კოლეგები და მეგობრები ვამაყობთ, რომ ჩვენმა ხვედრმა გზა გაგვიკვლია ამ დიდი პიროვნებისაკენ, დაგვაახლოვა მასთან, საერთო საქმე გამოგვიჩინა და იგი ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა.

სიმონ ზაზაძის ცხოვრება გადაშლილი წიგნია. მას ჯერ ყურადღებით წაკითხვა სჭირდება და მერე იქიდან ბევრი რამის სწავლაა აუცილებელი, თუ გინდა იმ სიმაღლეებსა და მასშტაბებზე წარმოდგენა შეგექმნას, რომლებსაც მან მიაღწია.

არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე)

საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის
სახელობის უნივერსიტეტის რექტორი

slogani lurjze gold