moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

ლევან გოთუას ხსოვნის დღე

დღეს ლევან გოთუას გარდაცვალებიდან 45 წელი შესრულდა.

განა ყველაფერი, რაც მწერლის (პოეტის) ცხოვრებაში იყო, არის და იქნება, არ ემსახურება ამ მწერლის (პოეტის) ბედისწერის აღსრულებას? მთავარი ესაა! უძირითადესი ბედისწერაა! რატომო, ალბათ, მკითხავ.

ზეცაში ჩაფიქრებული მწერალი და/ან პოეტი (გავიხსენოთ ილიასეული „მე ცა მნიშნავს“ და/ან „გამომგზავნა ქვეყნად ცამა“) რომ შედგეს, ჯერ მისი ბედისწერა უნდა განხორციელდეს, ჯერ მისი ცხოვრების წიგნი (და არა ბიოგრაფია, მითუმეტეს – ავტობიოგრაფია!) უნდა დაიწეროს, სისხლიან-ტკივილიან-სიკვდილიანი წიგნი (ვაჟასეულიც ვთქოთ – „ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული“), შეძლებული და მადლიანი ქართველი გლეხის პეპერასეული ქვევრივით სავსე მხოლოდ ზედაშეთი – 

იმ მოვლენათა სიმძიმით, 
ემთხვევათა ტრაგიკულობით, 
სიცივე-სიმშილის დამოყვრებით, 
მოულოდნელობათა დრამატულობით, 
უიღბლობათა ბანალურობით, 
ღალატთა პრაგმატულობით, 
ორგულობათა გაცვეთილობით, 

რომელთა თვინიერ იბადება კი, გეთანხმებით (აბა, არ იბადება?!), ოღონდაც – ოდენ მხატვრულ-ლიტერატურული ტექსტების ნიჭიერი ავტორი, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ევლინება სამყაროს მწერალი (პოეტი)-შემოქმედი: 

„ბეწვის კიბეების აბლაბუდაზე თითქოს პირყვითელა ფარდაგები ეგო... და ზედ მავალს [რუსთველს. – ა.ა.], თავის წიგნისა და ბედისწერის მებრძოლს, წინ ეფინებოდა, უკან ეშლებოდა სავალი“ („საუკუნო სავალი“).

ლევან გოთუა იმიტომაც მოევლინა ქვეყნიერებას ჭეშმარიტ მწერლად, რომ მისი ბედისწერა არ ცნობს და არც უშვებს 
კომფორტულ მიკროკლიმატს, 
კონფორმისტულ ბილიკებს, 
ვაჭრუკანულ ყოფას, 

კარიერის წითელხალიჩიანი მოჩუქურთმებული ხისრიკულებიანი გალაქული კიბის საფეხურების მედიდურად ავლას, 
ვიწრო ინტერესთა და წვრილმან მოთხოვნილებათა დესპოტიას, 
საუზმობას მანგო-ავოკადოს ჯუსით, არომატული ყავითა და ცხელ-ცხელი კრუასანებით, 

კლაკიორთა ქება-შეძახილების მოლოდინს, 
ხორცისა და თვალის ფუფუნებას...

განგებამ ინება, ცხოვრების დიდი ნაწილი პატიმრობა-ტუსაღობასა, ტოტალიტარული რეჟიმის ჯაშუშთა ზედამხედველობის ქვეშ ძლივს-სუნთქვასა და გადასახლებაში გაეტარებინა 

სამშობლოსგან შორს (ისე შორს, რომ ამას რაღაც, ალბათ, სხვა სიტყვა ჰქვია), 
სამშობლოსთან ახლოსაც 
და სამშობლოშიც.

ოღონდაც სამშობლოს სიყვარული არ განელდეს 

(ამოხეთქავს: “ეს ვერ გამიგია, სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ, თუ იმიტომ ვარ ასე შორს, რომ ასე ძლიერად მიყვარს სამშობლო”); 

ოღონდაც სამშობლო არ განრისხდეს 

(„ჰოი, რა საშინელია – სამშობლო ქვითა და კრულვით რომ დაედევნება შობილს!“(„მუმლი მუხასა“));

ოღონდაც სამშობლომ და მშობელმა ხალხმა შეგიწყნაროს 

(„მაგრამ ღალატის გზის მბლანდავისათვის  ერის ხელი გრძელია მაშინაც კი, როდესაც დამარცხებულია!“ („გელიყარის გაზაფხული“))!

 

მამა ადამ ვახტანგ ახალაძე. შავ-ხიზანას მომწვარკერტებიანი ძუძუს 
სამართალი და გორგასალ ნასყიდაშვილის მოკვეთილი თავი, ანუ
წარსულის მეხსიერების ლევან გოთუასეული დასურათხატება 

moduli - grigol feradze   moduli - ahmed melashvili   moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri   moduli - shimon peresi   moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold